Thursday 18 October 2012

ბიბლიოთეკის გახსნა სოფ. ძველი ქვეშის საჯარო სკოლაში


ღონისძიებას დაესწრნენ PH International -  წარმომადგენლები: ინგა ქიბროწაშვილი- საგრანტო პროექტების მენეჯერი და სანდრო ასათიანი- სოც. მედიის კოორდინატორი. ააიპ სიქა-ს წარმომადგენლებმა ბიბლიოთეკას გადასცეს წიგნები და სხვადასხვა საკანცელარიო ნივთები.
17 მაისს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ქვეშის სკოლის მიერ მოპოვებული საგრანტო პროექტის  „ბიბლიოთეკა – ნაბიჯი ინტეგრაციისთვის“ ფარგლებში განხორციელდა პროექტის ბოლო ეტაპი, სკოლის შენობაში ბიბლიოთეკის გახსნა.
სოფ. ძველი ქვეშის საჯარო სკოლაში სწავლების ენა აზერბაიჯანულია; მოსწავლეების უმრავლესობამ ძალიან ცოტა რამ იცის ქართველ მწერლებსა და მათ ნაწარმოებების შესახებ, ისიც მხოლოდ სახელმძღვანელოებიდან, რაც ხელს უშლის აზერბაიჯანელი მოსწავლეების ინტეგრაციას ქართულენოვან საზოგადოებაში, მათ შორის საქართველოს მოქალაქეობის გრძნობის განვითარებას. სკოლაში ქართული წიგნები მცირე რაოდენობითაა და ბიბლიოთეკის არარსებობის გამო დირექტორის კაბინეტში ინახება. ქართული კულტურის არცოდნა იწვევს აზერბაიჯანელი ეთნოსის მოსახლეობის  გაუცხოებას, ჩაკეტვას საკუთარ თემში.    სწორედ ამ პრობლემის გადაჭრას ისახავს მიზნად პროექტი „ბიბლიოთეკა – ნაბიჯი ინტეგრაციისთვის“, რომლის ფარგლებშიც სოფ. ძველი ქვეშის საჯარო სკოლაში ქართულენოვანი ბიბლიოთეკა მოეწყო. საგრანტო პროექტით მიღებული დაფინანსებით შეძენილ იქნა წიგნები და თაროები. ასევე მოხდა ადგილის გამოყოფა სკოლის მესამე სართულზე, ოთახის დასუფთავება და კეთილმოწყობა, ბიბლიოთეკის იერსახის მიცემა.  სკოლაში უკვე არის  ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოები, მრავალფეროვანი ლიტერატურა, რომლითაც ისარგებლებენ არა მხოლოდ მოსწავლეები, არამედ ქართული ენისა და სხვა საგნების პედაგოგებიც და მშობლებიც. პროექტის მთავარი მიზანი არის ის, რომ აზერბაიჯანულ სოფელში ქართულენოვანი ბიბლიოთეკის სახით გაჩნდეს ერთგვარი ქართული ნიშა, რომელიც უფრო მეტად შეუწყობს ხელს მოსწავლეთა და ზოგადად თემის ინტეგრირებას ქართულ საზოგადოებაში. ქართული კულტურის გაცნობა ხელს შეუწყობს მათში საქართველოს მოქალაქეობის შეგრძნების განვითარებას.
წიგნების ნაწილი პროექტის წევრებმა იყიდეს დაფინანსებით გამოყოფილი თანხით, ნაწილი კი შეაგროვეს მოხალისეობრივ საწყისებზე.

ღონისძიების დასასრულს, სანდრო ასათიანმა დამსწრე საზოგადოებას,  სკოლის მოსწავლეებს გადასცა და გააცნო თავისი საბავშვო წიგნები და ჟურნალები, გააკეთა მათი ელ. პრეზენტაცია. ასევე სკოლის მოსწავლეებს მოუტანა გასაფერადებელი ნახატები წიგნებიდან და  დრო დაუთმო მათ გაფერადებას მოსწავლეებთან ერთად.
ბიბლიოთეკის გახსნაში მონაწილეობას იღებდნენ: 30 მოსწავლე, 10 მასწავლებელი, 10 თემის წარმომადგენელი, ბოლნისის რესურს ცენტრის 2 წარმომადგენლი.
პროექტის მთავარი მიზანი– ბიბლიოთეკა მუდმივად იფუნქციონირებს და იმუშავებს. მომავალში ბიბლიოთეკაში მოეწყობა სხვადასხვა სახის ღონისძიებები, როგორიცაა პოეზიის საღამოები, შეხვედრები ქართველ მწერლებთან, პოეტებთან, კინოჩვენებები და ა.შ. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სკოლაში უკვე არსებობს საინიციატივო ჯგუფი, რომლის დახმარებითაც მოეწყო ბიბლიოთეკა, ეს იქნება ძალიან კარგი და მყუდრო ადგილი მომავალში სამოქალაქო კლუბის მუშაობისთვის.

No comments:

Post a Comment